ორშაბათი 14, ოქტომბერი 2024

მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა

- მრჩეველთა საბჭო შედგება 5 წევრისგან
– მრჩევლისგან.
- მრჩევლის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. - მრჩევლობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.
- მრჩეველს ეძლევა ჰონორარი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის 1,5%-ის ფარგლებში. ჰონორარისათვის გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის 1%-ს.

მრჩევლობის კანდიდატთა შერჩევა და მრჩეველთა არჩევა 

- მრჩევლის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით. - ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მრჩევლის კანდიდატურა კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტი კანდიდატურა არ იქნა წარდგენილი, კანდიდატურების წარდგენის ვადა 15 კალენდარული დღით გრძელდება, რის თაობაზედაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საჯაროდ განაცხადებს. - მრჩეველთა კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით იქმნება 5 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. იმავე ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს მრჩევლობის კანდიდატების სიას. კანდიდატი ვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფცია, რომელიც საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს, ასევე მონაწილეობა მიიღოს დებატებში, რომლებიც გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მრჩეველთა არჩევამდე. - საკონკურსო კომისია მრჩევლობის კანდიდატების სიის გამოქვეყნებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩევს კანდიდატებს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას. კანდიდატის წარდგენის შესახებ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა საკონკურსო კომისიის არანაკლებ 3-მა წევრმა. - საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციები, მათში შემავალ დეპუტატთა რაოდენობის პროპორციულად, ხოლო ორს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედი წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ასარჩევად. ფრაქციების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებებს ხელს აწერენ ფრაქციების თავმჯდომარეები, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ საბჭოს ის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე. უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს მხოლოდ ერთი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებაზე შეუძლია ხელის მოწერა. - მრჩევლის 5 კანდიდატურის წარდგენის უფლება პროპორციულად ნაწილდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებს შორის, ფრაქციებში შემავალ დეპუტატთა რაოდენობის მიხედვით. თავდაპირველად კანდიდატურას წარადგენს ის ფრაქცია, რომელსაც ყველაზე მეტი წევრი ჰყავს, შემდეგ კი კანდიდატურებს წარადგენენ სხვა ფრაქციები მათში შემავალ დეპუტატთა რაოდენობის მიხედვით, ნაკლებიდან მეტისკენ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო კანდიდატურების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია ერთზე მეტია და ისინი უნდა შეივსოს უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და დანარჩენი წევრების კვოტებით, თავდაპირველად აირჩევა კანდიდატი იმ დეპუტატების კვოტით, რომლებიც არ შედიან ფრაქციებში. - თუ მრჩევლობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედი 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ უმაღლეს საბჭოს ახალ კანდიდატურებს. - მრჩევლის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინონ სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა. - თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტებით. - თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო ვერ დაკომპლექტდა 5 წევრით, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისათვის იმართება ხელახალი კონკურსი.

მრჩეველთა საბჭოს სხდომა 

მრჩეველთა საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე მრჩეველთა ხმების უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი. - მრჩეველთა საბჭოს სხდომა იმართება არანაკლებ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომას იწვევს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, მრჩეველთა არანაკლებ ერთი მესამედის, დირექტორის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორის მოთხოვნით, მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა. - მრჩეველს მრჩეველთა საბჭოს მომავალი სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოს სხდომამდე სულ ცოტა 3 სამუშაო დღით ადრე. - მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მრჩეველს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ხმა. - დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს და დამოუკიდებელ აუდიტორს უფლება აქვთ, დაესწრონ მრჩეველთა საბჭოს სხდომას. მრჩეველთა საბჭო ვალდებულია მოუსმინოს მათ და განიხილოს მათ მიერ დასმული საკითხები. - მრჩეველთა საბჭო და მისი თავმჯდომარე უფლებამოსილი არიან, საბჭოს სხდომაზე მოიწვიონ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ნებისმიერი თანამშრომელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს აუდიტორი და დამოუკიდებელი აუდიტორი. ისინი ვალდებული არიან, დაესწრონ სხდომას და პასუხი გასცენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს. - მრჩეველთა საბჭოს ღია სხდომაზე დასწრებისა და აზრის გამოხატვის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე 

- საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს მრჩეველთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს მრჩეველთა საბჭო, შესაბამისად, თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. - ერთი და იგივე პირი არ შეიძლება აირჩეს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ 1 ვადაზე მეტი ხნით. - მრჩეველთა საბჭოს ახალარჩეული თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი აირჩა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი არჩევის მომენტიდან. თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი არჩევიდან 6 წლის თავზე, იმ თვის იმ რიცხვის წინა დღეს, რომელი თვის რომელ რიცხვშიც დაიწყო იგი. - მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, წარმოადგენს საბჭოს, იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს გადაწყვეტილებებს. - მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს საბჭოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე. თანამდებობიდან მისი ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება აქვს მრჩეველთა საბჭოს სულ ცოტა 3 წევრს (ან 2 წევრს, თუ საბჭო 3 წევრისგან შედგება) ერთობლივი წერილობითი მოთხოვნით. მრჩეველთა საბჭო ვალდებულია თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხი განიხილოს და მას კენჭი უყაროს მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. თუ მრჩეველთა საბჭომ თანამდებობიდან არ გადააყენა საბჭოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე, დაუშვებელია თანამდებობიდან მისი გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში.

მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები და მრჩევლის უფლება-მოვალეობები 

მრჩეველთა საბჭო: ა) მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროგრამულ პრიორიტეტებს; ბ) დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეიტანოს დებულებაში; გ) დირექტორის წარდგინებით მსჯელობს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის პროექტზე და, ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს; დ) ისმენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს. უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან დირექტორის წინადადებით, შეიმუშაოს პროექტი ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ და ის დასამტკიცებლად წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს; ე) ისმენს დირექტორის საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს, მათ შორის, ფინანსურ ანგარიშს, კვარტალის დასრულებიდან 15 დღის ვადაში; ვ) თანხმობას აძლევს დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის 1%-ს; ზ) განსაზღვრავს დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას; თ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს; ი) ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითად პირობებს, მათ შორის, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობებს, იმის გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, გარდა საინჟინრო- ტექნიკური მუშაკებისა, რომელთა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს (გამონაკლისია ისეთი პროგრამების შესრულებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადაც 1 წელზე ნაკლებია); კ) ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროგრამულ პრიორიტეტებს და ათანხმებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან. 2. მრჩეველი: ა) ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს მრჩევლის მოვალეობა; ბ) უფლებამოსილია მოითხოვოს მრჩეველთა საბჭოს დღის წესრიგში კონკრეტული საკითხის შეტანა; გ) უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობას. 

მრჩეველთა საბჭოს ანგარიში 

მრჩეველთა საბჭო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 აპრილისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს და აქვეყნებს ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ. - ანგარიში უნდა შეიცავდეს ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უზრუნველყოფენ ანგარიშის საჯარო განხილვას. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლება აქვთ, გამოითხოვონ ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის შესახებ.